---
title: "მუხლი 5. განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ — საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/5"
law: "საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 5918630"
adopted: "2023-09-21"
consolidated_as_of: "2023-10-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ — საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

> Text consolidated as of 2023-10-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2023-10-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/5

საქპატენტისთვის წარდგენილი განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნას;
ბ) განმცხადებლისა და კომპეტენტური უწყების ან მაკონტროლებელი ორგანოს (არსებობის შემთხვევაში) სახელსა და გვარს/სახელწოდებებს, საიდენტიფიკაციო ნომრებსა და იურიდიულ მისამართებს;
გ) იმ ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას, რომლის რეგისტრაციაც მოითხოვება. თუ ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა ქართულ ენაზე არ არის შესრულებული, წარდგენილი უნდა იქნეს მისი ქართულად ტრანსლიტერირებული ფორმა;
დ) იმ საქონლის კატეგორიას, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია;
ე) განმცხადებლის მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლობას, თუ განაცხადს წარმომადგენელი წარადგენს;
ვ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;
ზ) ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საქონლის სპეციფიკაციას;
თ) დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ საქონლის განსაკუთრებული ხარისხი, რეპუტაცია ან თვისებები შესაბამისი გეოგრაფიული არეალის ბუნებრივი ფაქტორით ან/და ადამიანური ფაქტორით არის განპირობებული;
ი) კონტროლის გეგმას, რომლითაც ხორციელდება საქონლის სპეციფიკაციით გათვალისწინებული საქონლის წარმოების პირობების კონტროლი;
კ) დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის წარმოშობის ქვეყანაში დაცვას, თუ განმცხადებელი უცხოელია;
ლ) დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის საფასურის გადახდას;
მ) ერთიან დოკუმენტს, რომელიც შეიცავს:
მ.ა) საქონლის სპეციფიკაციის ძირითად მონაცემებს: საქონლის დასახელებასა და აღწერას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე საქონლის შეფუთვისა და ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წესებს და შესაბამისი გეოგრაფიული არეალის ზუსტ აღწერას;
მ.ბ) საქონლის ხარისხს ან მახასიათებლებს და გეოგრაფიულ გარემოსა და ადამიანურ ფაქტორს შორის არსებული კავშირის აღწერას ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე აღნიშნული კავშირის დამადასტურებელ საქონლის აღწერის ან მისი წარმოების მეთოდის სპეციფიკურ ელემენტებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5918630-sakonlis-adgilwarmoshobis-dasakhelebisa-da-geograpiuli-aghnishvnis-she/6.md
