---
title: "მუხლი 11. სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი — სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/11"
law: "სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 5932169"
adopted: "2023-10-04"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი — სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/11

1. სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი არის ბიზნესოპერატორი, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი და რომელიც ავტორიზებულია ამ კანონით დადგენილი წესით და ახორციელებს სურსათის შეწირულებასა და გადანაწილებასთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობას.

2. სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი პასუხისმგებელია ჭარბი სურსათის გადანაწილებისთვის (მიწოდებისთვის). მისი ძირითადი ფუნქციაა შეწირული ჭარბი სურსათის სხვა სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის/სურსათის ბანკებისთვის გადანაწილება ან/და უშუალოდ ბენეფიციარისთვის მიწოდება.

3. სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი ვალდებულია:
ა) იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოს ჭარბი სურსათის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად გადანაწილება, უპირატესად − სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვების რისკის წინაშე მყოფი ჯგუფებისთვის;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები, დანერგოს და განახორციელოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპებზე დაფუძნებული პროცედურები;
დ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა;
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლით დადგენილი წესით წარუდგინოს წლიური ფინანსური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/12.md
