---
title: "მუხლი 3. ტერმინთა განმარტება — სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/3"
law: "სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 5932169"
adopted: "2023-10-04"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ტერმინთა განმარტება — სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/3

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სურსათი − სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული სურსათი;
ბ) ნარჩენი − ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული ნარჩენი;
გ) სურსათის ნარჩენები − სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის ქმედების შედეგად სურსათის მიწოდების ჯაჭვის გარკვეულ ეტაპზე დარჩენილი სურსათი, რომელიც ნარჩენად იქცევა;
დ) სურსათის დანაკარგები − სურსათის რაოდენობის ან ხარისხის შემცირება, რაც გამოწვეულია სურსათის მიწოდების ჯაჭვში  მიმწოდებლის გადაწყვეტილებითა და ქმედებით, გარდა საცალო ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების ობიექტის ბიზნესოპერატორის ან მომხმარებლის გადაწყვეტილებისა და ქმედებისა;
ე) ჭარბი სურსათი − უვნებელი სურსათი, რომელიც სათანადო ზომების გამოყენების გარეშე ნარჩენად ან დანაკარგად იქცევა;
ვ) სურსათის მიწოდების ჯაჭვი − სურსათის მიწოდების სრული ციკლი, რომელიც მოიცავს სურსათის მიწოდების ყველა ეტაპს მისი წარმოებიდან ბენეფიციარის მიერ მის მიღებამდე;
ზ) სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილე − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც სურსათის მიწოდების ჯაჭვში მონაწილეობს;
თ) სურსათის შეწირულება − სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის/სურსათის ბანკისთვის ან უშუალოდ ბენეფიციარისთვის სურსათის უსასყიდლოდ გადაცემა;
ი) სურსათის გადანაწილება − სურსათის შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული პროცესი, რომელიც მოიცავს სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ შეწირულების სახით გაცემული ჭარბი სურსათის შეგროვებას, შენახვას, აღდგენასა და გადანაწილებას;
კ) სურსათის აღდგენა − პროცესი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სურსათის ფიზიკურ დათვალიერებას, ორგანოლეპტიკურ შეფასებას, დახარისხებას, დაფასოებას და ნებისმიერ სხვა პროცედურას, რომლის განხორციელების შემდეგაც შესაძლებელია სურსათი გადანაწილდეს და დანიშნულებისამებრ იქნეს გამოყენებული;
ლ)  სურსათით საქველმოქმედო საქმიანობა − ამ კანონით დადგენილი წესით ავტორიზებული საქველმოქმედო საქმიანობა, რომელიც გულისხმობს სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის შეწირულებასა და გადანაწილებას;
მ) სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სურსათით საქველმოქმედო საქმიანობას;
ნ) ბიზნესოპერატორი − სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ბიზნესოპერატორი;
ო) ბენეფიციარი − პირი, რომელიც იღებს შეწირულების სახით გადაცემულ სურსათს (საბოლოო მომხმარებელი);
პ) სასურსათო უსაფრთხოება − უვნებელი და ყუათიანი სურსათის საკმარისი რაოდენობისა და საიმედო ხელმისაწვდომობის არსებობა;
ჟ) სურსათის რეციკლირება − სურსათის ხელახალი გამოყენების მიზნით გადამუშავება;
რ) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
თავი II. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების მართვის ღონისძიებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5932169-sursatis-danakargebisa-da-misi-narchenebis-shemtsirebis-da-sursatis-sh/4.md
