---
title: "მუხლი 17. ქსოვილის დონაციის უფლება — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/17"
law: "ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 5952539"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. ქსოვილის დონაციის უფლება — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/17

1. ქსოვილი შეიძლება მოპოვებულ/ამოღებულ იქნეს მხოლოდ სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირისგან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. მხარდაჭერის მიმღები ან არასრულწლოვანი შეიძლება იყოს დონორი, თუ დაცულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) ქსოვილი განკუთვნილია ამ პირის (პოტენციური დონორის) ახლო ნათესავისთვის გადასანერგად, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია და რომლის მკურნალობის სხვა საშუალება არ არსებობს;
ბ) არ არსებობს თავსებადი დონორი, რომელსაც შეუძლია ქსოვილის დონაციაზე თანხმობა განაცხადოს;
გ) ქსოვილის ამოღება არ იმოქმედებს დონორის ჯანმრთელობაზე, რაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად 2 სათანადო კვალიფიკაციის მქონე ექიმის მიერ არის დადასტურებული;
დ) ქსოვილის დონაციის მიზანია რეციპიენტის სიცოცხლის გადარჩენა ან მისი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება;
ე) ქსოვილის დონაციაზე თანხმობა განაცხადა ამ პირის (პოტენციური დონორის) მხარდამჭერმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ან, თუ მას მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს, თანხმობა განაცხადეს სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ და იმ სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო ეთიკის კომიტეტმა (ასეთი კომიტეტის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ქსოვილის ამოღებას განახორციელებს;
ვ) ეს პირი (პოტენციური დონორი) ქსოვილის დონაციის წინააღმდეგი არ არის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა შესაბამისი სამედიცინო ჩარევის განხორციელების საშუალებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლო ნათესავია მეუღლე, შვილი, ნაშვილები, მშობელი, მშვილებელი, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი, და, ძმა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/18.md
