---
title: "მუხლი 23. ხარისხის სისტემა — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/23"
law: "ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 5952539"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. ხარისხის სისტემა — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/23

1. ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულება ვალდებულია დანერგოს ხარისხის სისტემა ყველა საქმიანობისთვის, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვს და რომლებიც მოიცავს სულ მცირე შიდა აუდიტს, ოპერაციულ პროტოკოლებს, სახელმძღვანელო მითითებებს, სასწავლო და რეფერენტულ სახელმძღვანელოებს, შეტყობინების ფორმებს, ანგარიშებს, დონორების ჩანაწერებსა და ქსოვილების საბოლოო დანიშნულების ადგილის შესახებ ინფორმაციას. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ქსოვილის ბანკის მიერ ხარისხის სისტემის დანერგვის უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა ზომა.

2. ყველა სადონაციო ქსოვილის მოპოვება, დამუშავება, პრეზერვაცია, შენახვა და განაწილება უნდა განხორციელდეს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული იმ პროცედურების თანახმად, რომლებიც ხარისხის მართვის სისტემის ნაწილია და შეესაბამება სათანადო პროფესიულ სტანდარტებსა და კარგი პრაქტიკის პრინციპებს (მათ შორის, ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს სამკურნალო საშუალებებისა და ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის ევროპული დირექტორატის მიერ ერთობლივად შემუშავებულ სახელმძღვანელო მითითებებს).

3. ქსოვილის ბანკი/შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია თავის საქმიანობასა და ორგანიზაციაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს ქსოვილების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე, უმოკლეს ვადაში, ასეთი ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 3 დღისა, შეატყობინოს კომპეტენტურ უწყებას.

4. ქსოვილების ხარისხისა და უსაფრთხოების სათანადო სტანდარტები და ტექნიკური მოთხოვნები (მათ შორის, ქსოვილების დამუშავებასა და შენახვასთან დაკავშირებული მოთხოვნები) განისაზღვრება ამ კანონითა და მინისტრის ბრძანებით (ბრძანებებით).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/24.md
