---
title: "მუხლი 27. მიკვლევადობა — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/27"
law: "ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 5952539"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. მიკვლევადობა — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/27

1. ქსოვილის ბანკი, დონორი კლინიკა და ლაბორატორია მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მიკვლევადობის წესის შესაბამისად აწარმოებენ ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობებთან დაკავშირებული ყველა პროცედურის შესახებ ჩანაწერებს დონორიდან რეციპიენტამდე და რეციპიენტიდან დონორამდე ყველა ქსოვილის მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები უნდა მოიცავდეს სულ მცირე ინფორმაციას იმ ქსოვილების სახეობის, რაოდენობის, წარმოშობის ადგილის, დანიშნულების ადგილის, ექსპორტისა და იმპორტის შესახებ, რომელთა მოპოვება, პრეზერვაცია, დამუშავება, შენახვა და განაწილება ან სხვაგვარად განკარგვა განხორციელდა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა  დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ აგრეთვე ქსოვილებთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ყველა ნივთიერების (რეაგენტის), ობიექტისა და მასალის მიკვლევადობა.

4. იმ დაწესებულებამ, რომელიც ქსოვილებს იყენებს, უნდა უზრუნველყოს მათი მიკვლევადობა მის მიერ ქსოვილების მიღებიდან რეციპიენტის მიერ მათ გამოყენებამდე, აგრეთვე ქსოვილების გამოყენებასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ყველა ნივთიერების (რეაგენტის), ობიექტისა და მასალის მიკვლევადობა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები ინახება ქსოვილების გამოყენებიდან 30 წლის განმავლობაში ელექტრონული ფორმით ან/და მატერიალური ფორმით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/28.md
