---
title: "მუხლი 28. დონორებისა და ქსოვილების საიდენტიფიკაციო სისტემა — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/28"
law: "ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 5952539"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. დონორებისა და ქსოვილების საიდენტიფიკაციო სისტემა — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/28

1. დონორმა კლინიკამ/ქსოვილის ბანკმა, რომელიც საქმიანობას ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს, უნდა დანერგოს დონორებისა და ქსოვილების საიდენტიფიკაციო სისტემა, რომელიც თითოეულ დონაციასა და მასთან დაკავშირებულ თითოეულ პროდუქტს უნიკალურ კოდს მიანიჭებს.

2. დონორმა კლინიკამ/ქსოვილის ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ თითოეული ქსოვილი იდენტიფიცირებული იყოს ეტიკეტით. ქსოვილის ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს მისი უნიკალური კოდი და აღნიშნული დაწესებულების დასახელება ან კოდი (ასეთი კოდის არსებობისას − ქსოვილის ბანკის შემთხვევაში). კოდირების სისტემასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით.

3. დონორ კლინიკაში/ქსოვილის ბანკში უნდა ინახებოდეს დოკუმენტაცია დონორის, ქსოვილის მოპოვებისა და აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების მიერ მის მიღებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის შესახებ, აგრეთვე ქსოვილის დამუშავების, შენახვისა და განაწილების პროცედურების თაობაზე. ეს დოკუმენტაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნებს.

4. ქსოვილი დონორის ტესტირებასა და ქსოვილის დონაციისთვის მისი შესაბამისობის შეფასებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე შენახული უნდა იქნეს კარანტინის საშუალებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/29.md
