---
title: "მუხლი 35. კომპეტენტური უწყება (უწყებები) — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/35"
law: "ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
article: "35"
identifier: "matsne 5952539"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. კომპეტენტური უწყება (უწყებები) — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/35

1. კომპეტენტური უწყება იქმნება სამინისტროს სისტემაში. კომპეტენტური უწყება საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ეროვნულ დონეზე, ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს კოორდინირებულ, უწყვეტ და ლოჯისტიკურ მართვას ორგანოებისა და ქსოვილების დონაციის, მოპოვების, განაწილების (ალოკაციის), ტრანსპორტირების, გადანერგვის, გამოყენების და მათზე ორგანიზებული მეთვალყურეობის (ზედამხედველობის) მიზნით და პასუხისმგებელია ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვისთვის.

2. კომპეტენტური უწყების უფლებამოსილებებია:
ა) დონორთა ეროვნული რეესტრის შექმნა, მართვა და მისი ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ბ) ქსოვილების ხარისხისა და უსაფრთხოების მექანიზმის შემუშავება და დანერგვა ქსოვილის მოპოვებიდან გადანერგვამდე ან განკარგვამდე პროცესის ყველა ეტაპზე, ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;
გ) ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა;
დ) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. ქსოვილების გამოყენების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისა და სათანადო წესების შესრულების კონტროლის მიზნით შესაბამისი კომპეტენტური უწყება ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
ა) უზრუნველყოფს ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის გაცემას, მისი მოქმედების შეჩერებას და მის გაუქმებას;
ბ) ქმნის კონტროლისა და ინსპექტირების სისტემას და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას;
გ) ქმნის ქსოვილის ბანკების ეროვნულ რეესტრს და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას;
დ) უზრუნველყოფს სერიოზული გვერდითი რეაქციებისა და სერიოზული გვერდითი მოვლენების ზედამხედველობის სისტემის მართვას, სერიოზული გვერდითი რეაქციებისა და სერიოზული გვერდითი მოვლენების რეესტრის წარმოებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/36.md
