---
title: "მუხლი 38. ინსპექტორის უფლებამოსილება — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/38"
law: "ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ"
article: "38"
identifier: "matsne 5952539"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. ინსპექტორის უფლებამოსილება — ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/38

1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ინსპექტორი უფლებამოსილია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ქსოვილის ბანკების/შესაბამისი დაწესებულებების, ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ლაბორატორიისა და ამავე კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული მესამე მხარის დაწესებულებების საქმიანობის კონტროლის ღონისძიებები;
ბ) შეამოწმოს და შეაფასოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებები და მათი საქმიანობა;
გ) შევიდეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების ობიექტებზე, შენობა-ნაგებობებში და შეამოწმოს ისინი, ასევე შეამოწმოს ამ დაწესებულებების მოწყობილობები, აპარატურა/ხელსაწყოები, აღჭურვილობა, მასალები და სხვა;
დ) შეამოწმოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა ჩანაწერი, ხარისხის სისტემის დოკუმენტაცია, აგრეთვე შეისწავლოს, დალუქოს და ამოიღოს ყველა დოკუმენტი, რომელთა შემოწმებაც აუცილებელია კონტროლის განსახორციელებლად, გადაიღოს დოკუმენტების ასლები;
ე) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებისგან ან/და შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისგან შეაგროვოს და დაამუშაოს შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაცია, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტება;
ვ) მოითხოვოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების იმ შენობის, ობიექტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, აღჭურვილობის ან ნებისმიერი სხვა ნივთის ანდა ნივთიერების დალუქვა ან ამოღება, რომლითაც ეს დაწესებულება საქმიანობას ახორციელებს;
ზ) გამოავლინოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების საქმიანობაში არსებული დარღვევა ან/და საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, მოითხოვოს მისი აღმოფხვრა და მის აღმოსაფხვრელად განახორციელოს სათანადო ღონისძიებები;
თ) შესაბამისი დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ამ დაწესებულებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დასაკისრებლად;
ი) უზრუნველყოს ქსოვილის განაწილების შეჩერება, განაწილებული ქსოვილის გამოხმობა, ჩამორთმევა და შესაბამისი განკარგვა, თუ ქსოვილი არ აკმაყოფილებს ამ კანონითა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით ქსოვილის ხარისხისა და უსაფრთხოებისთვის დადგენილ მოთხოვნებს;
კ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებები და შეასრულოს მისთვის დაკისრებული სხვა მოვალეობები.

2. ინსპექტორს უნდა ჰქონდეს ინსპექტორის საიდენტიფიკაციო მოწმობა. ეს ოფიციალური დოკუმენტი ინსპექტორმა უნდა წარუდგინოს იმ დაწესებულებას, რომლის საქმიანობის ინსპექტირებაც ტარდება. ინსპექტორის საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3. ინსპექტორმა უნდა შეადგინოს ჩატარებული ინსპექტირებისა და განხორციელებული მოქმედებების შესახებ ანგარიში. ეს ანგარიში უნდა მოიცავდეს ინსპექტირების ჩატარებისას გაკეთებულ ყველა დასკვნას. ამ დასკვნებში მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული გამოვლენილი ხარვეზები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში ინსპექტირების დასრულებიდან 30 დღის ვადაში უნდა წარედგინოს იმ დაწესებულებას, რომლის საქმიანობის შემოწმებაც (ინსპექტირებაც) ჩატარდა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952539-adamianis-ksovilebisa-da-ujredebis-gamoqenebis-shesakheb/39.md
