---
title: "მუხლი 16. რეციპიენტთან დონორის ურთიერთობა — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/16"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 5952836"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. რეციპიენტთან დონორის ურთიერთობა — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/16

1. ცოცხალი დონორისგან ორგანოს ამოღება შეიძლება იმ რეციპიენტის სასარგებლოდ, რომელთანაც დონორს ნათესაური კავშირი ან ახლო პირადი ურთიერთობა (ემოციური კავშირი) აქვს.

2. რეციპიენტთან ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნათესაური კავშირის მქონე პირად ითვლება:
ა) რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი;
ბ) რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი (შვილი, დედა, მამა, შვილიშვილი, ბებია, პაპა, და, ძმა, დისშვილი, ძმისშვილი, დედის და, დედის ძმა, მამის და, მამის ძმა, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი);
გ) რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა (დედამთილი/სიდედრი), მამა (მამამთილი/სიმამრი), შვილიშვილი, ბებია, პაპა, და (მული/ცოლისდა), ძმა (მაზლი/ცოლისძმა), რეციპიენტის შვილის მეუღლე (რძალი/სიძე), შვილიშვილის მეუღლე (რძალი/სიძე), დის მეუღლე (სიძე), ძმის მეუღლე (რძალი), თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი.

3. რეციპიენტთან ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) მქონე პირად ითვლება პირი, რომელსაც რეციპიენტთან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში აქვს ახლო, პირადი და სტაბილური ემოციური კავშირი, რომელიც ცოცხალი დონაციის კომისიის მიერ არის შემოწმებული და დადასტურებული, ამასთანავე, არსებობს როგორც ამ კომისიის, ისე სასამართლოს მიერ გაცემული თანხმობა ცოცხალ დონორობაზე.

4. რეციპიენტს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული, მასთან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) მქონე პირის ორგანო შეიძლება გადაენერგოს იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ რეციპიენტთან ნათესაური კავშირის მქონე პირთა შორის დონორი ვერ მოიძებნა და რეციპიენტისთვის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, მისი მძიმე ავადმყოფობისგან განკურნებისთვის, დაავადების პროგრესირების შეჩერებისთვის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მკურნალობის სხვა, ალტერნატიული ხელმისაწვდომი მეთოდი არ არსებობს.

5. დონორისა და რეციპიენტის ამ მუხლით გათვალისწინებული, განცხადებული ურთიერთობა უნდა გადამოწმდეს შესაბამისი ოპერაციული პროტოკოლის მიხედვით, რომელიც განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

6. თუ დონორისა და რეციპიენტის ამ მუხლით გათვალისწინებული, განცხადებული ურთიერთობის დამტკიცება შეუძლებელია, ორგანოს დონაცია არ უნდა განხორციელდეს.

7. ორგანოს ჯვარედინი დონაციის პროგრამაში მონაწილეობენ ის პირები (რეციპიენტები), რომლებსაც შეუთავსებლობის გამო (იმუნოლოგიური მიზეზებიდან გამომდინარე) არ შეუძლიათ მიიღონ მათთან ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) მქონე პირთა (დონორთა) ორგანოები. ამ პროგრამის ფარგლებში, მინისტრის ბრძანებით დადგენილი ორგანოს ჯვარედინი დონაციის წესისა და პირობების მიხედვით ხორციელდება ორგანოების გაცვლა რეციპიენტებისა და მათთან ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) მქონე პირების (დონორების) წყვილებს შორის. აღნიშნული პროგრამის მონაწილეებზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/17.md
