---
title: "მუხლი 17. ცოცხალი დონორისთვის კონსულტაციის გაწევა და ინფორმაციის მიწოდება — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/17"
law: "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 5952836"
adopted: "2023-11-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. ცოცხალი დონორისთვის კონსულტაციის გაწევა და ინფორმაციის მიწოდება — ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/17

1. ცოცხალი დონორისგან ორგანოს მოპოვება ხორციელდება მხოლოდ მისი წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება დონორის თავისუფალ ნებას და გამორიცხავს ნებისმიერ იძულებასა და ჩარევას.

2. ინფორმირებული თანხმობის განცხადებამდე მომავალმა დონორმა ცოცხალი დონაციის სპეციალისტისგან უნდა მიიღოს მიუკერძოებელი კონსულტაცია ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული რისკებისა და მისი უფლება-მოვალეობების შესახებ.

3. ცოცხალი დონორისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონსულტაციის გასაწევად მისგან მოპოვებული უნდა იქნეს ყველა საჭირო ინფორმაცია. კონსულტაცია უნდა მოიცავდეს ყველა ინფორმაციას, რომელიც ეხება ცოცხალი დონაციის პროცესს, მის მიზანს, არსსა და მოსალოდნელ შედეგებს, მისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის მოსალოდნელ მოკლევადიან და გრძელვადიან სამედიცინო და ფსიქოლოგიურ რისკებს, რეციპიენტისთვის მოსალოდნელ რისკებსა და გართულებებს და მისი მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს, იმ უკუჩვენებებს, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ორგანოს დონაციას, აგრეთვე დონორის უფლებებს, მისი დაცვის გარანტიებსა და მის ვალდებულებებს.

4. ცოცხალი დონორისთვის კონსულტაციის გაწევისა და ინფორმაციის მიწოდების, აგრეთვე მისგან ინფორმაციის მიღების შედეგები უნდა აისახოს დონორის სამედიცინო ჩანაწერებში. დონორისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და მისგან ინფორმაციის მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ბრძანებით.

5. დონორს მკაფიოდ უნდა განემარტოს, რომ მას აქვს თავისუფალი ნება და შეუძლია ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი დონაციაზე ისე, რომ ამას მისთვის არანაირი შედეგი არ მოჰყვეს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5952836-adamianis-organota-gadanergvis-shesakheb/18.md
