---
title: "მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო — დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/1"
law: "დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5961597"
adopted: "2023-11-16"
consolidated_as_of: "2023-12-07"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო — დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2023-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/1

1. ეს კანონი აწესრიგებს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობასა და მიმოქცევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. საკითხები, რომლებიც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

2. ეს კანონი ვრცელდება იმ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ფლობა ხორციელდება საქართველოში, კერძოდ:
ა) „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე;
ბ) სააქციო საზოგადოებების მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოშვებულ აქციებზე;
გ) სააქციო საზოგადოებების ან სხვა ემიტენტების მიერ საჯარო ან კერძო სამართლის საფუძველზე გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებზე, მათ შორის, უცხო ქვეყნის ემიტენტების მიერ საჯარო ან კერძო სამართლის საფუძველზე საქართველოში გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებზე;
დ) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოშვებულ საინვესტიციო ფონდის ერთეულებზე;
ე) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოში გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებზე;
ვ) საქართველოს ან უცხო ქვეყნის ემიტენტების მიერ საჯარო ან კერძო სამართლის საფუძველზე უცხო ქვეყანაში გამოშვებულ აქციებზე, სასესხო ფასიან ქაღალდებსა და საინვესტიციო ფონდის ერთეულებზე;
ზ) ამ პუნქტით განსაზღვრულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ დეპოზიტარულ ხელწერილებზე;
თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნებისმიერ სხვა ფასიან ქაღალდზე.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/2.md
