---
title: "მუხლი 13. ცალკეულ საკითხებთან მიმართებით სათანადო ქვეყნის სამართლის გამოყენება — დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/13"
law: "დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 5961597"
adopted: "2023-11-16"
consolidated_as_of: "2023-12-07"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. ცალკეულ საკითხებთან მიმართებით სათანადო ქვეყნის სამართლის გამოყენება — დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2023-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/13

ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს აწესრიგებს იმ ქვეყნის სამართალი, სადაც გახსნილია შესაბამისი ფასიანი ქაღალდების ანგარიში. ეს საკითხებია:
ა) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე განთავსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობიდან გამომდინარე, ანგარიშის მწარმოებლისა და მესამე პირების მიმართ წარმოშობილი უფლებების სამართლებრივი ბუნება და შედეგები;
ბ) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე განთავსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განკარგვიდან გამომდინარე, ანგარიშის მწარმოებლისა და მესამე პირების მიმართ წარმოშობილი უფლებების სამართლებრივი ბუნება და შედეგები;
გ) ანგარიშის მწარმოებელთან არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განკარგვის ნამდვილობასთან დაკავშირებული მოთხოვნები;
დ) ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე უფლებების წარმოშობისა და გაუქმების საკითხი ან მათი უპირატესობა მესამე პირის უფლებებთან მიმართებით;
ე) ანგარიშის მწარმოებლის მოვალეობები სხვა პირების (გარდა ანგარიშის მფლობელებისა) მიმართ, რომლებიც ანგარიშის მწარმოებელთან არსებულ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნას აცხადებენ;
ვ) ანგარიშის მწარმოებელთან არსებული დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განკარგვის შემთხვევაში დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ დივიდენდზე ან სხვა გასაცემელზე ან გამოსყიდვით, დაფარვით ან გაყიდვით მიღებულ/მისაღებ შემოსავალზე ან სხვა შემოსავალზე უფლების შემძენზე გადასვლის საკითხი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5961597-dematerializebuli-pasiani-kaghaldebis-plobis-shesakheb/14.md
