---
title: "მუხლი 1 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5965160-amnistiis-shesakheb/1"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5965160"
adopted: "2023-11-15"
consolidated_as_of: "2023-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2023-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5965160-amnistiis-shesakheb/1

1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შესაბამისი დანაშაულის ჩადენით მოპოვების შემთხვევაზე.

2. გათავისუფლდეს ბრალდებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენით 2023 წლის 1 სექტემბრამდე მოიპოვა და ამ დანაშაულის/დანაშაულების ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ამ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდა. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების თანამონაწილე, თუ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ამ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდა.

3. გათავისუფლდეს ბრალდებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა 2023 წლის 1 სექტემბრამდე ჩაიდინა და აღიარებს აღნიშნული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენას. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენის თანამონაწილე, თუ იგი აღიარებს აღნიშნული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენაში თანამონაწილეობას.

4. გათავისუფლდეს სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან, პირობითი მსჯავრისგან მსჯავრდებული, თუ მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენით 2023 წლის 1 სექტემბრამდე მოიპოვა და ამ დანაშაულის/დანაშაულების ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ამ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდა. სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან, პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდეს აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების თანამონაწილე, თუ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ამ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდა.

5. გათავისუფლდეს სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან, პირობითი მსჯავრისგან მსჯავრდებული, თუ მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების მომზადება ან მცდელობა 2023 წლის 1 სექტემბრამდე ჩაიდინა და აღიარებს აღნიშნული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენას. სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან, პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდეს აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენის თანამონაწილე, თუ იგი აღიარებს აღნიშნული დანაშაულის/დანაშაულების მომზადების ან მცდელობის ჩადენაში თანამონაწილეობას.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5965160-amnistiis-shesakheb/2.md
