---
title: "მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო — ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/2"
law: "ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 5968820"
adopted: "2023-11-16"
consolidated_as_of: "2023-12-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო — ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2023-12-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/2

1. ეს კანონი აწესრიგებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების წარმოებასთან, ხელმისაწვდომობასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სუბიექტებს (შემდგომ − სუბიექტი), ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კოორდინაციის უფლებამოსილების მქონე ორგანოს − კოორდინატორს (შემდგომ − კოორდინატორი) და მათ უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე არეგულირებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ სხვა სათანადო საკითხებს.

2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ ელექტრონულ (ციფრულ) სივრცით მონაცემებზე, მეტამონაცემებსა და მათთან დაკავშირებულ ქსელურ სერვისებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის, საქართველოს მიმდებარე ზონის, საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ან/და საქართველოს კონტინენტური შელფის არეალებს მიეკუთვნება და რომელთა მიმართაც სუბიექტი ახორციელებს ამავე კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას.

3. თუ ერთი და იმავე სივრცითი მონაცემების ნაკრების რამდენიმე ვერსია რამდენიმე სუბიექტთან ინახება, ეს კანონი ვრცელდება მხოლოდ უფლებამოსილი სუბიექტის/სუბიექტების მიერ წარმოებულ თავდაპირველ ვერსიაზე (დედანზე), რომლის საფუძველზედაც სხვა ვერსია (ასლი) შეიქმნა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/3.md
