---
title: "მუხლი 6. ქსელური სერვისები — ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/6"
law: "ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 5968820"
adopted: "2023-11-16"
consolidated_as_of: "2023-12-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ქსელური სერვისები — ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2023-12-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/6

1. ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სივრცითი მონაცემების ყველა ნაკრები სივრცითი მონაცემების მომხმარებლისთვის დისტანციური ხელმისაწვდომობისა და გამოყენების მიზნით მხარდაჭერილი უნდა იყოს შესაბამისი ტიპის შემდეგი ძირითადი ქსელური სერვისებით:
ა) ძიების სერვისით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სივრცითი მონაცემების რესურსების მოძიება (მონაცემების ან/და მეტამონაცემების შინაარსის საფუძველზე) და შესაბამისი მეტამონაცემების ვიზუალიზაცია;
ბ) დათვალიერების სერვისით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სივრცითი მონაცემების რესურსების დათვალიერება, ნავიგაცია, მასშტაბირება, აგრეთვე პირობითი ნიშნების (ლეგენდის) შესახებ ინფორმაციისა და შესაბამისი მეტამონაცემების ვიზუალიზაცია;
გ) ჩამოტვირთვის სერვისით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სივრცითი მონაცემების რესურსების ან მათი ნაწილების ასლების ჩამოტვირთვა ან/და პირდაპირი ხელმისაწვდომობა;
დ) ტრანსფორმაციის სერვისით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სივრცითი მონაცემების რესურსების ტრანსფორმაცია მათი ფუნქციური თავსებადობის (ინტეროპერაბელურობის) მისაღწევად.

2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ქსელური სერვისების კანონისმიერი მიზნებისა და არსის გათვალისწინებით დამატებით განსაზღვროს სხვა ტიპის ქსელური სერვისების ნუსხა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ქსელური სერვისები უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონით გათვალისწინებული ქსელური სერვისების იმპლემენტაციის ტექნიკური სპეციფიკაციის მოთხოვნებს.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ქსელური სერვისების ხარისხისთვის, უსაფრთხოებისთვის, ექსპლუატაციისა და სტაბილური ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი სივრცითი მონაცემების რესურსის მფლობელი სუბიექტი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5968820-erovnuli-sivrtsiti-monatsemebis-inprastrukturis-shesakheb/7.md
