---
title: "მუხლი 18. მესამე სახელმწიფოში მდებარე მშობელი საწარმოს სათავო ოფისი — ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5982666-pinansur-konglomeratshi-shemavali-regulirebuli-sawarmoebis-damatebiti-/18"
law: "ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 5982666"
adopted: "2023-11-29"
consolidated_as_of: "2023-12-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. მესამე სახელმწიფოში მდებარე მშობელი საწარმოს სათავო ოფისი — ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2023-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5982666-pinansur-konglomeratshi-shemavali-regulirebuli-sawarmoebis-damatebiti-/18

1. სექტორული ზედამხედველობის წესებისგან დამოუკიდებლად, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნის შესასრულებლად საზედამხედველო ორგანომ უნდა შეამოწმოს (შეაფასოს), ექვემდებარება თუ არა ის რეგულირებული საწარმო, რომლის მშობელი საწარმოს სათავო ოფისი მესამე სახელმწიფოშია, ამ სახელმწიფოს საზედამხედველო ორგანოს მიერ დამატებითი ზედამხედველობის ეკვივალენტური ზედამხედველობის (ეკვივალენტური ზედამხედველობა) განხორციელებას იმავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული შემოწმება (შეფასება) უნდა განახორციელოს იმ საზედამხედველო ორგანომ, რომელიც შესაბამისი ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის შემთხვევაში ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე მისი კოორდინატორი იქნებოდა. სათანადო ინფორმაციის სისწორის დადასტურების (ვერიფიკაციის) ინიციატორი შეიძლება იყოს მშობელი საწარმო, ფინანსურ კონგლომერატში შემავალი ნებისმიერი რეგულირებული საწარმო ან თავად ეს საზედამხედველო ორგანო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა საზედამხედველო ორგანომ იმავე პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსულტაცია უნდა გაიაროს სხვა საზედამხედველო ორგანოებთან.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკვივალენტური ზედამხედველობის განუხორციელებლობის შემთხვევაში რეგულირებული საწარმოს მიმართ ანალოგიის პრინციპით შეიძლება განხორციელდეს დამატებითი ზედამხედველობა ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისთვის საჭიროების შემთხვევაში განახორციელონ ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული, სექტორული საზედამხედველო წესებით გათვალისწინებული საზედამხედველო ღონისძიებები. თითოეული საზედამხედველო ღონისძიების განხორციელება შეთანხმებული უნდა იყოს კოორდინატორთან, რომელსაც, თავის მხრივ, კონსულტაცია უნდა ჰქონდეს გავლილი სხვა საზედამხედველო ორგანოებთან. საზედამხედველო ორგანოები მუდმივად უნდა უზრუნველყოფდნენ აღნიშნული ღონისძიებების დამატებითი ზედამხედველობის მიზნებთან შესაბამისობას და მათ შესახებ ინფორმაციის სხვა საზედამხედველო ორგანოებისთვის მიწოდებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5982666-pinansur-konglomeratshi-shemavali-regulirebuli-sawarmoebis-damatebiti-/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5982666-pinansur-konglomeratshi-shemavali-regulirebuli-sawarmoebis-damatebiti-/19.md
