---
title: "მუხლი 11. ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულთან დაკავშირებული ცვლილება — ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/11"
law: "ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 6001175"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულთან დაკავშირებული ცვლილება — ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/11

1. ავტორიზებულმა სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ წინასწარ უნდა შეატყობინოს ეროვნულ ბანკს ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შესახებ, თუ ეს ცვლილება ეხება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის პირობებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება დასაშვებია, თუ ეროვნული ბანკი შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში განმცხადებელს არ აცნობებს ცვლილების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვისა, თუ ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს განმცხადებელს ამის თაობაზე.

3. ავტორიზებული სეკიურიტიზაციის კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ან მმართველი ორგანოს წევრის ცვლილება, აგრეთვე ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების მმართველი კომპანიის ან სადამფუძნებლო დოკუმენტის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

4. ამ მუხლის შესაბამისად შეტყობინების განხორციელებისა და მისი განხილვის წესს სამართლებრივი აქტით ადგენს ეროვნული ბანკი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/12.md
