---
title: "მუხლი 28. ეროვნული ბანკის მიერ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის გაუქმება — ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/28"
law: "ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 6001175"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. ეროვნული ბანკის მიერ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის გაუქმება — ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/28

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია გააუქმოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი გარემოების არსებობისას:
ა) სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ  ეროვნულ ბანკს წარუდგინა თხოვნა სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ;
ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია ეროვნული ბანკისთვის მცდარი ინფორმაციის წარდგენის ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელების საფუძველზე მოიპოვა;
გ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული ავტორიზაციის პირობებს აღარ აკმაყოფილებს;
დ)  სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ არაერთგზის ან უხეშად დაარღვია ამ კანონის, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებისა და მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის ან მითითებით დადგენილი მოთხოვნა (მოთხოვნები);
ე) სეკიურიტიზაციის ფონდის სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ კანონის შესაბამისად სათანადო შემცვლელი არ დაინიშნა;
ვ) დაიწყო სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაცია.

2. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის გაუქმების შემდეგ მას ეკრძალება ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის ნებადართული საქმიანობის განხორციელება. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ინვესტორთა ინტერესებისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის შემთხვევაში სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული სახის საქმიანობის/ოპერაციების განხორციელების უფლება (მათ შორის, აუკრძალოს ახალი სეკიურიტიზაციის განხორციელება).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6001175-pasian-kaghaldebad-gardakmnis-shesakheb/29.md
