---
title: "მუხლი 110. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელი პირობები — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/110"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "110"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 110. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელი პირობები — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 110 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/110

1. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელი ფართობის ნორმა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და პატიმრობის დაწესებულებაში/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 4 კვ. მ-ზე ნაკლები.

3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს აგრეთვე ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით.

4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არის ორსული ქალი, მეძუძური დედა, ავადმყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან ხანდაზმული (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან), უნდა ჰქონდეს მისი სპეციფიკური საჭიროებების შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობები.

5. პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს გონივრულ ფარგლებში უქმნის ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს, რომლებიც უნდა მიესადაგებოდეს პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურას და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ამ დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული, ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის ჩამონათვალი განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/109.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/111.md
