---
title: "მუხლი 111. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვება — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/111"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "111"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 111. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვება — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 111 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/111

1. პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება აკრძალულია.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

3. პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს ყოველდღიურად უზრუნველყოფს არანაკლებ სამჯერადი კვებით.

4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არის ქალი, ორსული ქალი, მეძუძური დედა, ავადმყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან ხანდაზმული (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან), უნდა შეექმნას მისი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.

5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობისას გამოიმუშავა ან პირად საბანკო ანგარიშზე ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა ჩაურიცხეს. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად საკუთარი სახსრები შეიძლება გამოიყენოს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.

6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვით დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით მიიღოს.

7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.

8. პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნის პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/110.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/112.md
