---
title: "მუხლი 118. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გაცნობა — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/118"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "118"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 118. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გაცნობა — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 118 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/118

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობის უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც წესი, ხორციელდება რადიო- და ტელეტრანსლაცია. პენიტენციურ დაწესებულებაში (გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა) ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა შეიძლება ისარგებლოს აგრეთვე ელექტრონული სარეაბილიტაციო საგანმანათლებლო პროგრამით.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, გარდა იმ ბრალდებულისა/მსჯავრდებულისა, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან/და რომელიც მოთავსებულია სამარტოო საკანში, შეიძლება მიეცეს სამუშაოსგან თავისუფალ დროს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება.

3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს პირადი რადიომიმღები ან/და ტელევიზორი. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფმა აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით. აღნიშნულ მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს მის საბაზრო ღირებულებას.

4. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პირადი რადიომიმღების ან/და ტელევიზორის გამოყენებით ირღვევა პენიტენციური დაწესებულების დებულება და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩამოართვას აღნიშნული ტექნიკა და ის მის ახლო ნათესავს გადასცეს. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ახლო ნათესავი არ ჰყავს, ეს ტექნიკა პენიტენციურ დაწესებულებაში ინახება.

5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკის გამოყენების პირობები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.

6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საკუთარი სახსრებით, გონივრული ოდენობით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები, მიიღოს საწერი საშუალებები, გარდა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული აკრძალული ნივთებისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/117.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/119.md
