---
title: "მუხლი 126. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიებები – გირაო და პირადი თავდებობა — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/126"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "126"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 126. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიებები – გირაო და პირადი თავდებობა — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 126 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/126

1. გირაო არის ფულადი თანხა. ფულადი თანხა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სააგენტოს დეპოზიტზე შეაქვს მსჯავრდებულის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს, ოჯახის წევრს ან მისი სახელით სხვა პირს, რომელიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წინაშე იღებს წერილობით ვალდებულებას, რომ ის უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სათანადო ქცევასა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადებას. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი. ამ ოქმის ერთი ასლი გირაოს შემტანს გადაეცემა.

2. სამსახურის გენერალური დირექტორი ითვალისწინებს გირაოს შემტანის პიროვნებასა და ფინანსურ მდგომარეობას.
„3. სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გირაო 3 სამუშაო დღის ვადაში შეიტანება სამსახურის ანგარიშზე.“.

4. გირაოს შეტანის წინ მის შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შესაძლო შედეგების შესახებ.

5. თუ მსჯავრდებულმა, რომელიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის რეჟიმში იმყოფება, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნულ დაწესებულებაში დაბრუნებას ან ახალი დანაშაული ჩაიდინა, მის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება.

6. მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადის დაცვის, ნაკისრი ვალდებულების ზუსტად და კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2 კვირის ვადაში დაუბრუნდება მის შემტანს.

7. პირადი თავდებობისას მსჯავრდებულის დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი, ახლო ნათესავი ან მისი სახელით სხვა პირი იღებს წერილობით ვალდებულებას, რომ ის უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სათანადო ქცევასა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადებას.

8. თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი. გამონაკლის შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი, განსაკუთრებით სანდო პირი.

9. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე მსჯავრდებულის თანხმობით. თითოეული თავდები იძლევა თავდებობის შესახებ ხელწერილს. ხელწერილი დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს.

10. ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავდებს უფლება არ აქვს, თავი იმართლოს იმით, რომ მსჯავრდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.

11. თუ მსჯავრდებული ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც თავდებობა იქნა გამოყენებული, თითოეულ თავდებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაეკისრება ფულადი ჯარიმა არანაკლებ 10 000 ლარისა.
საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/125.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/126-1.md
