---
title: "მუხლი 127. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომითი საქმიანობის ზოგადი პრინციპები — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/127"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "127"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 127. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომითი საქმიანობის ზოგადი პრინციპები — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 127 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/127

1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომითი საქმიანობა ხორციელდება ამ კოდექსითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის იძულება, შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას.

2. ბრალდებული/მსჯავრდებული მუშაობს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან/და მის გარეთ, თუ ამ დაწესებულებას აქვს მისი დასაქმების შესაძლებლობა.

3. ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება დასაქმდეს აგრეთვე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებაში.

4. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებული ბრალდებული/მსჯავრდებული არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

5. იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომელთა შესასრულებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება აკრძალულია, განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.

6. ბრალდებული/მსჯავრდებული შესრულებული სამუშაოსთვის იღებს ხელფასს საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის შრომის ანაზღაურების მიცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ხელფასი ერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე. მას ხელფასის სრული განკარგვის უფლება მიეცემა გათავისუფლებისას. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ეს თანხა თავისი შეხედულებისამებრ გადაუგზავნოს ახლო ნათესავებსა და სხვა პირებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/126-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/128.md
