---
title: "მუხლი 128. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული საწარმო — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/128"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "128"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 128. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული საწარმო — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 128 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/128

1. ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება დასაქმდეს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან/და მის გარეთ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ საწარმოში.

2. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, როგორც წესი, დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ ბრალდებული/მსჯავრდებული. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც, საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ისეთი სამუშაოს შესრულება, რომლის შესაბამისი კვალიფიკაცია ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს, ან როდესაც ასეთი კვალიფიკაციის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოკლე დროში მომზადება შეუძლებელია, ან როდესაც სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა, შესაძლებელია საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ იქნეს პირი, რომელიც არ არის ბრალდებული ან მსჯავრდებული.

3. ბრალდებული/მსჯავრდებული საწარმოში დასაქმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პენიტენციური დაწესებულების ორგანიზაციული მონაწილეობით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების მიერ შეთავაზებული სამუშაოებიდან ამოირჩიოს მისთვის შესაფერისი სამუშაო.

4. საწარმოსა და სამსახურს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც საწარმო იღებს ვალდებულებას, რომ ის საქმიანობას განახორციელებს იმ პენიტენციური დაწესებულების დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზედაც ფუნქციონირებს. ასეთივე ვალდებულება ეკისრება საწარმოში დასაქმებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს. ეს ვალდებულება უნდა აისახოს მის მიერ საწარმოსთან დადებულ შრომით ხელშეკრულებაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/127.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/129.md
