---
title: "მუხლი 13. პირის სამსახურში მიღებასა და მის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებული შეზღუდვები — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/13"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "13"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. პირის სამსახურში მიღებასა და მის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებული შეზღუდვები — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 13 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/13

1. სამსახურში არ მიიღება:
ა) ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის ფაქტს, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა;
ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;
გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს;
ვ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით დაუკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს, გერს ან მეუღლის მშობელს, დას, ძმას;
ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა;
თ) პირი, რომელმაც სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო.

2. მოსამსახურის სამსახურებრივ შეუთავსებლობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. (ამოღებულია - 28.05.2026, №1619).
საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/14.md
