---
title: "მუხლი 139. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/139"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "139"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 139. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 139 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/139

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება გაეწევა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად.

2. პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების გაწევის სტანდარტები, სპეციფიკური საჭიროების მქონე პირისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის დამატებითი სტანდარტები, პრევენციული მომსახურების პაკეტი და სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელი საბაზისო მედიკამენტების ნუსხა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ამ დაწესებულებაში მისვლისთანავე გადის სამედიცინო შემოწმებას.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ. დაავადებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა.

5. პენიტენციურ დაწესებულებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დაკავშირებული სამედიცინო ხასიათის ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

6. პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას მის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. თუ ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი შეამჩნევს მას რაიმე ფიზიკურ დაზიანებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღნიშნული პაციენტის მიმართ შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის განხორციელების ეჭვს აღუძრავდა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმება ხორციელდება მისი თანხმობის არსებობის გარეშეც. პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაზიანების აღრიცხვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სუიციდის პრევენციის პროგრამა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

8. პენიტენციურ დაწესებულებაში ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა და პანდემიის მართვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ნორმებისა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/138.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/140.md
