---
title: "მუხლი 17. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/17"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "17"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 17 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/17

1. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება:
ა) მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე უფრო მაღალ თანამდებობაზე − დაწინაურების შემთხვევაში, მინისტრის მიერ დადგენილი წესით, მოსამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მოსამსახურის თანხმობით, თუ მოსამსახურე დაკავებულ თანამდებობაზე 6 თვე მაინც მსახურობს;
ბ) მის მიერ დაკავებული თანამდებობის თანაბარ თანამდებობაზე:
ბ.ა) პირადი პატაკის საფუძველზე;
ბ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით;
გ) მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე უფრო დაბალ თანამდებობაზე:
გ.ა) პირადი პატაკის საფუძველზე;
გ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით;
გ.გ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე;
გ.დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.

2. მოსამსახურის დაწინაურება ხდება შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, მისი სათანადო პროფესიული გადამზადებით, თუ მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე უფრო მაღალი თანამდებობა წამყვანი/მენეჯერული თანამდებობაა და თვისებრივად განსხვავებული სამუშაოს შესრულებას ითვალისწინებს.

3. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით. მოსამსახურის ფუნქციურად განსხვავებულ თანამდებობაზე გადაყვანას, როგორც წესი, უნდა უძღოდეს მისი სათანადო პროფესიული გადამზადება.

4. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით.

5. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურე თანამდებობრივი გადაყვანის გარეშე მიამაგროს სამსახურის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ერთეულს ან პენიტენციურ დაწესებულებას.

6. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურეს განუსაზღვროს სამუშაო ადგილი.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჭიროა მოსამსახურის თანხმობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/18.md
