---
title: "მუხლი 47. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღების წესი — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/47"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "47"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღების წესი — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 47 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/47

1. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. პატიმრობის დაწესებულებაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ბრალდებულის დაქტილოსკოპირება განხორციელდეს ელექტრონული მოწყობილობით და სათანადო მონაცემები აისახოს ელექტრონულ არქივში. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი და ბრალდებულის სიტყვიერი პორტრეტი ინახება ბრალდებულის პირად საქმეში, რომელიც მისი მსჯავრდების შემთხვევაში გადაეგზავნება შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას.

2. ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათსა და ფოტოსურათის ელექტრონულ ვერსიას პატიმრობის დაწესებულება დაქტილოსკოპირებიდან და ფოტოგრაფირებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

3. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული და მისი პირადი ნივთები საგულდაგულოდ მოწმდება და ამის შესახებ დგება შესაბამისი აქტი. ბრალდებულის შემოწმებას ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი.

4. პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება. მას ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების ექიმი. ბრალდებულის სამედიცინო შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში პატიმრობის დაწესებულების ექიმი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ, ამ კოდექსის 139-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.

5. ბრალდებულს დაუყოვნებლივ, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა გააცნონ მისი უფლებები და მოვალეობები, მის მიმართ მოსამსახურეთა მოპყრობის წესები, მის მიერ ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესები, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და სახეები, დისციპლინური სამართალწარმოების წესები, აგრეთვე მის მიმართ წაყენებული სხვა მოთხოვნები.
საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/48.md
