---
title: "მუხლი 77. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარანტიები მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისას — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/77"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "77"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 77. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარანტიები მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისას — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 77 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/77

1. დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევის ჩადენისთვის ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის 2 ან 2-ზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება, გარდა ამ კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევისა.

2. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს მისი დამამცირებელი და პატივისა და ღირსების შემლახველი.

3. დაუშვებელია ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენიდან 1 წელი გავიდა.

4. ბრალდებული/მსჯავრდებული დისციპლინურსახდელდაუდებლად ითვლება, თუ მან აღნიშნული სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდინა დისციპლინური დარღვევა. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის დაკისრების შემთხვევაში ბრალდებული/ მსჯავრდებული დისციპლინურსახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ მან მისი მოხდიდან 1 წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდინა დისციპლინური დარღვევა.

5. პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ბრალდებულს/მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელი ვადამდე მოუხსნას, თუ ამ სახდელის მიზანი მიღწეულია.

6. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ამ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვადამდე მოუხსნას სხვა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დაკისრებული დისციპლინური სახდელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/76.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/78.md
