---
title: "მუხლი 78. სამარტოო საკანში მოთავსება — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/78"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "78"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 78. სამარტოო საკანში მოთავსება — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 78 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/78

1. სამარტოო საკანში მოთავსება, როგორც დისციპლინური სახდელი, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.

2. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე პაემანი, ხანგრძლივი პაემანი, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა, აგრეთვე ეზღუდება შრომითი საქმიანობისა და ინდივიდუალური საქმიანობის უფლებები. მას შეუძლია ისარგებლოს გასეირნების უფლებით − ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათისა.

3. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სასწავლო მასალის ხელმისაწვდომობა და სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება, თუ ეს ხელს არ უშლის დისციპლინური სახდელის აღსრულებას.

4. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.

5. ბრალდებული/მსჯავრდებული მისი უსაფრთხოების დასაცავად სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევაში სარგებლობს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლებით.

6. სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი. მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს საკითხავი მასალა.

7. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული სენსორული იზოლაციის პირობებში მოთავსება.

8. პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსების შესახებ. სამედიცინო პერსონალი სამარტოო საკანში მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ყოველდღიურ, განსაკუთრებულ მეთვალყურეობას უნდა ახორციელებდეს. აუცილებლობის შემთხვევაში მისი სამარტოო საკანში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს პენიტენციური დაწესებულების ექიმის დასკვნის საფუძველზე.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №703 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/77.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/79.md
