---
title: "მუხლი 81. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/81"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "81"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 81. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 81 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/81

1. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას) არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ეს გადაწყვეტილება გამოიტანება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ შესაბამისი დისციპლინური დარღვევის ჩადენა სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის დროს სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე დამტკიცდა.

2. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი უნდა იყოს.

3. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერია, თუ ის გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით.

4. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

5. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სამართლიანია, თუ შეფარდებული დისციპლინური პატიმრობა შეესაბამება დისციპლინური დარღვევის ჩამდენის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის სიმძიმეს.

6. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს:
ა) ჩაიდინა თუ არა პირმა ამ კოდექსით გათვალისწინებული ქმედება;
ბ) არის თუ არა პირის ქმედება მართლსაწინააღმდეგო;
გ) შეერაცხება თუ არა პირს ბრალად ჩადენილი ქმედება;
დ) უნდა შეეფარდოს თუ არა პირს დისციპლინური პატიმრობა და, თუ უნდა შეეფარდოს − რა ვადით;
ე) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი.

7. თუ პირი რამდენიმე დისციპლინური დარღვევის ჩადენაშია მხილებული, საქმის განხილვისას სასამართლო თითოეული დისციპლინური დარღვევის მიხედვით ცალკე და მთლიანად წყვეტს ამ მუხლის მე-6 ნაწილში მითითებულ საკითხებს.

8. სასამართლო უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული რამდენიმე პირისთვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების საკითხები განიხილოს ერთობლივად, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამომცემი თანამდებობის პირის შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-6 ნაწილში მითითებული საკითხები თითოეული პირის მიმართ ცალ-ცალკე უნდა გადაწყდეს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/80.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/82.md
