---
title: "მუხლი 92. საბჭოს გადაწყვეტილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/92"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "92"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 92. საბჭოს გადაწყვეტილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 92 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/92

1. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით − საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით − შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა.

1¹. თუ უცხოელმა მსჯავრდებულმა (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა) ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისთვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს უცხოელ მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიება და დამუშავება დამატებით დროს მოითხოვს, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს.

2. მსჯავრდებულს/უცხოელ მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვთ, საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია.

3. საბჭო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით.

4. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ, ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ან საქმის ზეპირი მოსმენით განსახილველად დაშვების შესახებ.

5. თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულისგან/უცხოელი მსჯავრდებულისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის გადასაწყვეტად, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირ მოსმენაზე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისთვის/უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისთვის/უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ.

6. შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის/უცხოელი მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სასჯელის მოხდისას გამოვლენილ სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამასთანავე, ამ მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრული შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს აგრეთვე უცხოელი მსჯავრდებულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 47 2 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ გარემოებებს.

6¹. ამ მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრული უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლა არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 47 2 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამ ნაწილით განსაზღვრული აკრძალვის საფუძვლის არსებობის შესახებ დასკვნას პენიტენციური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე 30 დღის ვადაში გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

6². ამ მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლა არ გამოიყენება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი მსჯავრდებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

7. საბჭო მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, გარდა უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებისა.

8. მსჯავრდებულისთვის/უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აფერხებს გაძევების აღსრულებას.

9. საბჭოს მიერ მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იმავე საკითხზე შესაბამისი მსჯავრდებულის შუამდგომლობა ხელახლა შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება.

9¹. საბჭოს მიერ უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იმავე საკითხზე პენიტენციური დაწესებულების შუამდგომლობა ხელახლა შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხოელი მსჯავრდებულის მიერ მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. უცხოელი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლის საკითხის 6 თვეში ერთხელ განხილვა სავალდებულოა.

10. საბჭოს გადაწყვეტილებაში აღინიშნება მსჯავრდებულის/უცხოელი მსჯავრდებულის შესახებ მონაცემები და საქმის ძირითადი გარემოებები.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელი მსჯავრდებული არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1808 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/91.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/93.md
