---
title: "მუხლი 93. პენიტენციური დაწესებულების მოვალეობები მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისას და სხვა გარემოებების არსებობისას — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/93"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "93"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 93. პენიტენციური დაწესებულების მოვალეობები მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისას და სხვა გარემოებების არსებობისას — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 93 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/93

1. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის ან/და მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისთვის კანონით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდამდე 3 თვით ადრე წერილობით მიმართოს სააგენტოს დაწესებულების გარეთ აღნიშნული მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების შესახებ. მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მომზადების პროცესში სამსახურსა და სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

2. თავისუფლების აღკვეთის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური დაწესებულება მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს (შემდგომ − პრობაციის ბიურო) და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს აცნობებს მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ.

3. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

3¹. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს იმ მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც სასჯელის სახედ განესაზღვრა უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.

3². პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაუყოვნებლივ აცნობოს იმ უცხოელი მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც სასჯელის მოუხდელი ნაწილი უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა.

4. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირს პენიტენციური დაწესებულების დატოვებისას განუმარტოს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეზღუდვა (უფლების ჩამორთმევა).

5. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, ამ კოდექსის 125-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე ამავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ წერილობითი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

6. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, ამ კოდექსის 125-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ, აგრეთვე ამავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №878 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1808 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
წიგნი III
ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებრივი მდგომარეობა. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია
თავი XVI
ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/92.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/94.md
