---
title: "მუხლი 98. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მატერიალური პასუხისმგებლობა — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/98"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "98"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 98. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მატერიალური პასუხისმგებლობა — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 98 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/98

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მატერიალურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს, იურიდიულ პირს ან ფიზიკურ პირს, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა:
ა) შრომითი ვალდებულებების შესრულებისას მიყენებული ზიანისთვის – საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით;
ბ) სხვა ქმედებით მიყენებული ზიანისთვის – საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით.

2. ბრალდებული/მსჯავრდებული ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისი დაზიანების შემთხვევაში, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებისთვის მიყენებულ ზიანს, პენიტენციური დაწესებულებიდან მისი გაქცევის აღკვეთასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.

3. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული ნებაყოფლობით არ აანაზღაურებს ზიანს, ზიანის ანაზღაურების საკითხი განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის არასწორად გადახდევინებული თანხა მას უბრუნდება და პირად საბანკო ანგარიშზე ერიცხება.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე პირის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ამ პირის გადაუდებელი მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/97.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/99.md
