---
title: "მუხლი 13. ტურისტული პაკეტისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებები და გამონაკლისები — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/13"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. ტურისტული პაკეტისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებები და გამონაკლისები — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/13

1. ამ კანონის მე-14−26-ე მუხლები შეეხება პაკეტებს, რომლებსაც მოვაჭრეები ყიდიან ტურისტებზე ან სთავაზობენ მათ ფასდაკლებით, და მოვაჭრეების მიერ ტურისტებისთვის უზრუნველყოფილ დაკავშირებულ ტურისტულ მომსახურებებს.

2. ამ კანონის მე-14−26-ე მუხლების მოქმედება არ ვრცელდება პაკეტებსა და დაკავშირებულ ტურისტულ მომსახურებებზე, რომლებიც:
ა) გრძელდება 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი მოიცავს ღამის თევით განთავსებას;
ბ) შეთავაზებულია არარეგულარულად, არაკომერციული მიზნით და მხოლოდ ტურისტების მცირე ჯგუფისთვის;
გ) შესყიდულია მოვაჭრესა და სხვა ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს შორის დადებული საქმიანი მოგზაურობის შესახებ ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე და დაკავშირებულია პირის საქმიანობასთან, პროფესიასთან, ვაჭრობასთან.

3. ტუროპერატორის ან დაკავშირებული ტურისტული მომსახურების გამყიდველი მოვაჭრის განცხადება იმის შესახებ, რომ იგი მოქმედებს ექსკლუზიურად, როგორც ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი, შუამავალი, ან მოქმედებს ნებისმიერი სხვა სტატუსით, ან რომ პაკეტი ან დაკავშირებული ტურისტული მომსახურება არ წარმოადგენს პაკეტს ან დაკავშირებულ ტურისტულ მომსახურებას, არ ათავისუფლებს ტუროპერატორს ან მოვაჭრეს ამ თავით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისგან.

4. ტურისტის არცერთი სახელშეკრულებო შეთანხმება ან განცხადება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უარყოფს ან ზღუდავს ამ კანონის მე-14−26-ე მუხლებით ტურისტისთვის გადაცემულ უფლებებს ან რომლის მიზანია იმავე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების უგულებელყოფა, სავალდებულო არ უნდა იყოს ტურისტისთვის.

5. ამ კანონის მე-14−26-ე მუხლებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნები გავლენას არ ახდენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზოგად სახელშეკრულებო სამართალზე, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/14.md
