---
title: "მუხლი 23. ღირებულების შემცირება და ზიანის ანაზღაურება — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/23"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. ღირებულების შემცირება და ზიანის ანაზღაურება — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/23

1. ტურისტს უფლება აქვს, მოითხოვოს ღირებულების შემცირება იმ პერიოდის პროპორციულად, რომლის განმავლობაშიც არსებობდა შეუსაბამობა, თუ იგი გამოწვეული არ არის ტურისტის ბრალით.
#
2. ტურისტს უფლება აქვს, ტუროპერატორისგან მიიღოს სათანადო კომპენსაცია იმ ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც მას მიადგა გასაწევი მომსახურების შეუსაბამობის გამო. კომპენსაცია გადახდილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში.

3. ტურისტს უფლება არ აქვს, მიიღოს კომპენსაცია ზიანისთვის, თუ ტუროპერატორი დაადასტურებს, რომ შეუსაბამობა გამოწვეულია ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით:
ა)  ტურისტის ბრალით;
ბ) იმ მესამე მხარის ბრალით, რომელიც დაკავშირებული არ არის პაკეტით გათვალისწინებული ტურისტული მომსახურების გაწევასთან, და ამ ტუროპერატორს არ შეეძლო მისი გათვალისწინება ან/და თავიდან აცილება;
გ) გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებებით.

4. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით ტურისტისთვის მიყენებული ზიანის გამო ტუროპერატორს შეუძლია შეიზღუდოს პასუხისმგებლობა პაკეტის ღირებულების სამმაგი ოდენობით. დაუშვებელია პასუხისმგებლობის შეზღუდვის დაწესება, თუ ზიანმა გამოიწვია ფიზიკური დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ტუროპერატორის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი მოქმედებით.

5. ამ კანონით გათვალისწინებული ტურისტის უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ან პაკეტის ღირებულების შემცირება, არ მოქმედებს ტურისტის იმ უფლებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია სპეციალური ნორმატიული აქტებით ან საერთაშორისო კონვენციებით. შესაბამისად, ტურისტს შეუძლია წარადგინოს ამ თავითა და სპეციალური ნორმატიული აქტებით ან საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული მოთხოვნები. თუ ტურისტმა მიიღო კომპენსაცია ან მას შეუმცირდა პაკეტის ღირებულება ამ თავითა და სპეციალური ნორმატიული აქტებით ან საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული მოთხოვნების წარდგენის საფუძველზე,  გადაჭარბებული კომპენსაციის თავიდან ასაცილებლად უნდა მოხდეს ანაზღაურებების ურთიერთგაქვითვა.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადაა 2 წელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/24.md
