---
title: "მუხლი 28. გადახდისუუნარობისგან დაცვა და დაკავშირებულ ტურისტულ მომსახურებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნა — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/28"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. გადახდისუუნარობისგან დაცვა და დაკავშირებულ ტურისტულ მომსახურებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნა — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/28

1. დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლები ვალდებული არიან ჰქონდეთ ფინანსური გარანტია (უზრუნველყოფა) ყველა გადასახადთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი იღებენ ტურისტისგან, თუ ტურისტული მომსახურება, რომელიც დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ნაწილია, მათი გადახდისუუნარობის გამო ვერ ხორციელდება.

2. თუ დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლები ტურისტების გადაყვანისთვის პასუხისმგებელი პირები არიან, ფინანსური გარანტია (უზრუნველყოფა) აგრეთვე უნდა ფარავდეს ტურისტის რეპატრიაციას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე ვრცელდება ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოქმედება.

4. მოვაჭრე, რომელიც ხელს უწყობს დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების შეძენას, და მოვაჭრე, რომელიც ევროპის ეკონომიკური გაერთიანების ფარგლების გარეთ არის რეგისტრირებული, ვალდებული არიან ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ტურისტს ნათლად და გასაგებად განუმარტონ, რომ:
ა) იგი ვერ ისარგებლებს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით განსაზღვრული იმ უფლებებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონით, და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სათანადო შესრულებისთვის პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ მომსახურების თითოეული მიმწოდებელი;
ბ) გადახდისუუნარობის შემთხვევაში იგი ისარგებლებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფით.

5. ტურისტს სტანდარტული ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ფორმით.

6. თუ ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტების მოთხოვნებს დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი არ შეასრულებს, დაკავშირებულ ტურისტულ მომსახურებაზე გავრცელდება ამ კანონის მე-18 და 21-ე−25-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.

7. თუ ტურისტი დამატებით ხელშეკრულებას დებს მოვაჭრესთან, რომელიც დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი არ არის, მაგრამ ამ ხელშეკრულების დადებით იქმნება დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება, მოვაჭრე ვალდებულია დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელს შეატყობინოს ასეთი ხელშეკრულების დადების შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/29.md
