---
title: "მუხლი 31. ვალდებულების უზრუნველყოფის გამოყენება — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/31"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "31"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. ვალდებულების უზრუნველყოფის გამოყენება — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/31

1. თუ მოვაჭრის გადახდისუუნარობის გამო ვერ სრულდება ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მოვაჭრე ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და ტურისტს, რომელმაც შეიძინა პაკეტი ან დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება.

2. მოვაჭრის მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით მიმდინარე საქმე არ ზღუდავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებას, გამოიყენოს ამ თავით გათვალისწინებული უზრუნველყოფა.

3. უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. უზრუნველყოფის გამოყენებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია:
ა) განსაზღვრავს ტურისტების მიერ ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების წარდგენის ვადას, რომელიც 14 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს;
ბ) აგროვებს უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ ტურისტების მოთხოვნებს, ამოწმებს დროულად წარდგენილი მოთხოვნების საფუძვლიანობას და შესაძლებლობის შემთხვევაში ტურისტს სთავაზობს პაკეტის გაგრძელებას;
გ) უზრუნველყოფს ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ა“ და  „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და უზრუნველყოფის გამცემის მიერ უზრუნველყოფის თანხის (თანხების) გონივრულ ვადაში გადახდას.

4. გადახდისუუნარობის უზრუნველყოფის გამოყენების წესი და პროცედურები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/32.md
