---
title: "მუხლი 49. პასუხისმგებლობა ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/49"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "49"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. პასუხისმგებლობა ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/49

1. ამ კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებამოსილი თანამშრომელი ან იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელება.

1¹. ამ კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა შეიძლება შეადგინოს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი შედგენის შემდეგ შესაბამისი მოწყობილობის საშუალებით იბეჭდება და სამართალდამრღვევს გადაეცემა.

1². ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას სამართალდამრღვევს გადაეცემა ამ ოქმის ასლი, ხოლო თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ოქმის ასლის მიღებაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამას აღნიშნავს ოქმში, რის შემდეგაც ოქმის ასლი ჩაბარებულად მიიჩნევა;
ბ) ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას სამართალდამრღვევს გადაეცემა ამ ქვითრის ასლი, ხოლო თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ქვითრის ასლის მიღებაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამას აღნიშნავს შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში, რის შემდეგაც ქვითრის ასლი ჩაბარებულად მიიჩნევა.

1³. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმასა და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმას, აგრეთვე მათი შედგენის, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების იმ პირის მიერ განხორციელება, რომელსაც არ აქვს შესაბამისი სერტიფიკატი, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

2¹. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.

3. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის (მოთხოვნების) დარღვევით განხორციელება −
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

3¹. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

4. ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ შესაბამისი მომსახურების საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4¹. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

5¹. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

6. ტუროპერატორის ან დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მონაწილის მიერ შესაბამისი საქმიანობის გადახდისუუნარობისგან დაცვის უზრუნველყოფის გარეშე განხორციელება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

6¹. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

7. ორგანიზაციის საქმიანობის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების გარეშე განხორციელება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

7¹. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

8. ტურიზმის სფეროში კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა −
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

8¹. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმები გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

10. (ამოღებულია - 28.05.2026, №1630)
.

11. (ამოღებულია - 28.05.2026, №1630)
.

12. (ამოღებულია - 28.05.2026, №1630)
.

13. (ამოღებულია - 28.05.2026, №1630)
.

14. პირისთვის დაკისრებული ჯარიმის აღსრულების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა პირი უფლებამოსილია დაჯარიმებული პირის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუზიაროს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.
საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №580 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1630 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.
თავი X
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/50.md
