---
title: "მუხლი 9. ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/9"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/9

1. ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ანიჭებს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსს. ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი დგინდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.

2. ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადება წარედგინება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. ამ განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) ორგანიზაციის წესდება;
გ) ორგანიზაციისა და ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის განვითარების კონცეფციები;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის −  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით გათვალისწინებული სხვა, დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

3. სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება 1 თვის ვადაში. სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველია განმცხადებლის მიერ ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა. სტატუსის მინიჭების შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორგანიზაციას აღრიცხავს უწყებრივ რეესტრში. რეესტრის მონაცემები ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე.

4. სახელწოდების „ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიანიჭა ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსი. თუ პირი არამართლზომიერად იყენებს ამ სახელწოდებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უფლება აქვს, მოსთხოვოს მას ამ სახელწოდების გამოყენების შეწყვეტა.

5. ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სახელწოდების გამოყენებით საქმიანობის განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების გარეშე იწვევს ამ კანონით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შეიმუშავებს ორგანიზაციის საქმიანობის წესებს/სტანდარტებს, პრინციპებსა და რეკომენდაციებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა. მათი დარღვევა შეიძლება გახდეს ორგანიზაციის სტატუსის შეჩერების/გაუქმების საფუძველი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/10.md
