---
title: "მუხლი 16. ასოციაციის წევრობის შეჩერება — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/16"
law: "საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 6162085"
adopted: "2024-05-15"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ასოციაციის წევრობის შეჩერება — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/16

1. პატენტრწმუნებულს ასოციაციის წევრობა შეუჩერდება ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში;
გ) თუ მან არ შეასრულა ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით ან/და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება;
დ) თუ ასოციაციის ეთიკის კომისიამ მას ამ კანონის 27-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი დაადო.

2. ამ მუხლის შესაბამისად პატენტრწმუნებულისთვის ასოციაციის წევრობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იგი თავისუფლდება ასოციაციის საწევრო გადასახადის გადახდისგან და ეკრძალება ასოციაციის საქმიანობაში მონაწილეობა.

3. პირს ასოციაციის წევრობა აღუდგება ასოციაციისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ასოციაცია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პატენტრწმუნებულისთვის ასოციაციის წევრობის შეჩერების შემთხვევაში პირს ასოციაციის წევრობას აღუდგენს მის მიერ ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის აღმოფხვრის ან ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით ან/და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში ანდა იმ შემთხვევაში, თუ გასულია ამ კანონის 27-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შესახებ ასოციაცია დაუყოვნებლივ აცნობებს საქპატენტს. საქპატენტს 5 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი ცვლილება შეაქვს რეესტრში და პატენტრწმუნებულს შეუჩერებს/პირს აღუდგენს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებას.

5. პატენტრწმუნებულისთვის ასოციაციის წევრობის შეჩერების შესახებ ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილება შეიძლება მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გასაჩივრდეს სასამართლოში.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/17.md
