---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/2"
law: "საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 6162085"
adopted: "2024-05-15"
consolidated_as_of: "2024-05-29"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

> Text consolidated as of 2024-05-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2024-05-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/2

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საქართველოს პატენტრწმუნებული (შემდგომ − პატენტრწმუნებული) − საერთო სპეციალიზაციის ან/და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პირი;
ბ) საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული – საქართველოს მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია პატენტრწმუნებულთა რეესტრში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქმიანობას;
გ) სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული – საქართველოს მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია პატენტრწმუნებულთა რეესტრში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქმიანობას სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის მიმართულებით;
დ) პატენტრწმუნებულთა რეესტრი (შემდგომ − რეესტრი) − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ (შემდგომ – საქპატენტი) მიერ ამ კანონისა და საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად წარმოებული რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც გულისხმობს პირისთვის ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მინიჭებას და, ამავდროულად, მისი უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების წარმოშობის საფუძველია;
ე) საგამოცდო კომისია – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომლის საქმიანობის წესიც განსაზღვრულია იმავე ბრძანებით და რომელიც ორგანიზებას უწევს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას, პასუხისმგებელია აღნიშნული გამოცდის შედეგების შეფასებისთვის და ახორციელებს ამ კანონითა და საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
ვ) პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა (შემდგომ – საკვალიფიკაციო გამოცდა) – საქპატენტის მიერ ამ კანონითა და საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ორგანიზებული გამოცდა;
ზ) მარწმუნებელი − პირი, რომელიც პატენტრწმუნებულს ანიჭებს უფლებამოსილებას, მისი სახელითა და ინტერესების შესაბამისად, ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში განახორციელოს სამართლებრივი მოქმედებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/3.md
