---
title: "მუხლი 29. საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნება — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/29"
law: "საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
article: "29"
identifier: "matsne 6162085"
adopted: "2024-05-15"
consolidated_as_of: "2024-05-29"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნება — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

> Text consolidated as of 2024-05-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2024-05-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/29

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ საქართველოს პატენტრწმუნებულთა 2 საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებიდან 3 თვის ვადაში აფუძნებს საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციას. საქართველოს პატენტრწმუნებულთა პირველი საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება 2025 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო მეორე − 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

2. საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნებისას საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ ამტკიცებს საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის წესდებას და 1 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნების შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს პატენტრწმუნებულმა საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციას უნდა წარუდგინოს განცხადება ასოციაციაში გაწევრების მოთხოვნის შესახებ.

5. საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ასოციაციის დაფუძნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა იწვევს ასოციაციის საერთო კრებას, რომელიც ირჩევს ასოციაციის გამგეობის, ეთიკის კომისიისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს.

6. საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნებამდე:
ა) ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს საქართველოს პატენტრწმუნებულები ასრულებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ წინაშე;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ უფლებამოსილია ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „ი“ ან „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/30.md
