---
title: "მუხლი 6. პატენტრწმუნებული — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/6"
law: "საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 6162085"
adopted: "2024-05-15"
consolidated_as_of: "2024-05-29"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. პატენტრწმუნებული — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

> Text consolidated as of 2024-05-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2024-05-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/6

1. პატენტრწმუნებული არის საერთო სპეციალიზაციის ან/და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პირი.

2. პირს უფლება აქვს, გახდეს საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული, თუ:
ა) იგი საქართველოს მოქალაქეა;
ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ან ინჟინერიის მიმართულებით − მათემატიკის ან მშენებლობის დარგში/სპეციალობით, ან სტატისტიკის ან წარმოების სფეროში;
გ) მას ამ კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა;
დ) მას აქვს საპატენტო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი.

3. პირს უფლება აქვს, გახდეს სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებული, თუ:
ა) იგი საქართველოს მოქალაქეა;
ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება;
გ) მას ამ კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა;
დ) მას აქვს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში (მათ შორის, ინტელექტუალური სამართლის სფეროში) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი.

4. პატენტრწმუნებული არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, თუ მას ნასამართლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპატენტო სფეროში მუშაობის გამოცდილებისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მუშაობის გამოცდილების კრიტერიუმები განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ მოსამზადებელ კურსად ჩაითვლება კურსი, რომლის პროგრამის მინიმალური სტანდარტები განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/7.md
