---
title: "მუხლი 9. საკვალიფიკაციო გამოცდის ძირითადი პრინციპები — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/9"
law: "საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 6162085"
adopted: "2024-05-15"
consolidated_as_of: "2024-05-29"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. საკვალიფიკაციო გამოცდის ძირითადი პრინციპები — საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

> Text consolidated as of 2024-05-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2024-05-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/9

1. საკვალიფიკაციო გამოცდის მიზანია იმის დადასტურება, რომ პირს აქვს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში წარმომადგენლობის განსახორციელებლად საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

2. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება სულ მცირე 2 წელიწადში ერთხელ, საქართველოს სახელმწიფო ენაზე.

3. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საერთო სპეციალიზაციით ან/და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციით.

4. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქპატენტის თავმჯდომარე.

5. საქპატენტი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღს, პროგრამასა და გამოცდაში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის ვადას აცხადებს საჯაროდ, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებით, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 თვისა.

6. პირი, რომელსაც სურს მოიპოვოს საერთო სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური გადახდილი აქვს.

7. პირი, რომელსაც სურს მოიპოვოს სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური გადახდილი აქვს.

8. საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 250 ლარი, რომელიც გადაიხდება გამოცდაში მონაწილეობისთვის რეგისტრაციისას, საქპატენტის მიერ განსაზღვრულ ანგარიშზე. საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სარეგისტრაციო განაცხადს უნდა დაერთოს.

9. საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს − სერტიფიკატს, რომლის ფორმა და გაცემის წესი განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

10. თუ პირი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის განმავლობაში არ დარეგისტრირდება რეესტრში, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი − სერტიფიკატი ძალას კარგავს. ამ ვადის გასვლის შემდეგ პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების განსახორციელებლად პირი ვალდებულია ხელახლა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა.

11. საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შესახებ საჩივრებს განიხილავს საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია იმავე ბრძანებით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6162085-sakartvelos-patentrwmunebulta-shesakheb/10.md
