---
title: "მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები — გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6164307-guriis-erovnuli-parkis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2"
law: "გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 6164307"
adopted: "2024-05-29"
consolidated_as_of: "2024-06-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები — გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2024-06-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6164307-guriis-erovnuli-parkis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2

1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკის შექმნა;
ბ) მოაწესრიგოს გურიის ეროვნული პარკის მართვისა და დაცვის, აგრეთვე ბუნებრივი რესურსების გამოყენების სამართლებრივი მექანიზმები.

2. ამ კანონის ძირითადი ამოცანაა, გურიის ეროვნული პარკის საზღვრებში:
ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს გურიის ეროვნული პარკის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი ან სახეცვლილი ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას;
ბ) უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემის, ლანდშაფტის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით − საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და გლობალურ „წითელ ნუსხაში“ შეტანილ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკის ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისთვის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოტურიზმისა და მესაქონლეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად სათანადო მექანიზმების ჩამოყალიბება;
დ) უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკისთვის მიკუთვნებული მიწის, წყლის, ცხოველთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება;
ე) უზრუნველყოს გურიის ეროვნულ პარკში განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი და ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა, აღდგენა და მონიტორინგის განხორციელება;
ვ) უზრუნველყოს უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების, ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6164307-guriis-erovnuli-parkis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6164307-guriis-erovnuli-parkis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/3.md
