---
title: "მუხლი 2. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია — უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6171895-utskhouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesakheb/2"
law: "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 6171895"
adopted: "2024-05-28"
consolidated_as_of: "2026-04-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია — უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-04-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6171895-utskhouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesakheb/2

1. ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
ა) ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დაფუძნებული, რომელიც არ არის „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
გ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
დ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის შემოსავალი არის ფულადი თანხა ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთე (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთი). იმ შემოსავლის ღირებულება, რომელიც არ არის ფულადი თანხა, ამ მუხლის მიზნებისთვის მისი საბაზრო ფასით გამოითვლება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ იმავე პუნქტით გათვალისწინებულმა შესაბამისმა სუბიექტმა მიიღო შემოსავალი, თუ მას გადაეცა ფულადი თანხა ან იგი გახდა ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთის) მესაკუთრე ან მოსარგებლე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ იმავე პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტის მიერ მიღებული შემოსავლის წყარო უცხოური ძალაა, თუ:
ა) აღნიშნულმა სუბიექტმა შემოსავალი უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო;
ბ) აღნიშნულმა სუბიექტმა შემოსავალი პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო იმ იურიდიული პირისგან, რომელმაც შემოსავალი უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო;
გ) აღნიშნული შემოსავლის წყარო იდენტიფიცირებული არ არის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6171895-utskhouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6171895-utskhouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesakheb/3.md
