---
title: "მუხლი 6. ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია — უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6171895-utskhouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesakheb/6"
law: "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 6171895"
adopted: "2024-05-28"
consolidated_as_of: "2026-04-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია — უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-04-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6171895-utskhouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesakheb/6

1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტი ვალდებულია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წლის ყოველი შემდგომი წლის იანვარში ელექტრონულად, გენერალური აუდიტორის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შეავსოს და სამსახურს წარუდგინოს საფინანსო დეკლარაცია. ამ სუბიექტმა აღნიშნულ საფინანსო დეკლარაციაში სწორად და სრულყოფილად უნდა ასახოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში) მისი სამსახურისთვის წარდგენის წლის წინა წლის მდგომარეობით. სამსახური ვალდებულია აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის სამსახურისთვის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს საფინანსო დეკლარაცია. ამ მიზნით ამ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც სამსახური მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. თუ აღნიშნული საფინანსო დეკლარაცია არასწორად ან/და არასრულყოფილად არის შევსებული, სამსახური მის წარმდგენ სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად 10 სამუშაო დღის ვადას განუსაზღვრავს. აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია ამ ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაცია და მასში ასახული ინფორმაცია საჯაროა. სამსახური ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის წარდგენის წესს, აგრეთვე აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის ფორმას ადგენს გენერალური აუდიტორი.
საქართველოს 2026 წლის 14 აპრილის კანონი №1490 – ვებგვერდი, 16.04.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6171895-utskhouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6171895-utskhouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesakheb/7.md
