---
title: "მუხლი 13. ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემა — სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/13"
law: "სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 6192001"
adopted: "2024-06-12"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემა — სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/13

1. მმართველი ორგანო კოორდინაციას უწევს ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას, ხოლო მონაცემთა ბაზების ინტეგრირებასა და მართვას გადამხდელი სააგენტო ახორციელებს.

2. ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემა ურთიერთდაკავშირებული მონაცემთა ბაზებისგან შედგება და მოიცავს:
ა) ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრს;
ბ) მიწის ნაკვეთების იდენტიფიკაციის სისტემას, რომელიც მოიცავს მიწის ნაკვეთებისა და მათზე განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ გეოინფორმაციულ და სივრცით მონაცემებს;
გ) დაფინანსების განაცხადების მართვის, გადახდებისა და ფინანსური აღრიცხვის ერთიან ელექტრონულ სისტემას, რომლის წარმოების წესს ადგენს მმართველი ორგანო;
დ) ანგარიშგებისა და მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზას − მხარდამჭერი ღონისძიებების გავლენის შესაფასებლად და შესაბამის პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად;
ე)  სხვა მონაცემთა ბაზებს, მათ შორის, ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის ერთიან ელექტრონულ მონაცემთა  ბაზას.

3. მონაცემთა ბაზები ელექტრონულად იწარმოება და ინახება. შესაბამისი ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მმართველი ორგანო მონაცემთა ბაზების შენახვის ვადებისა და პროცედურების განსაზღვრის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრავს მონაცემთა ბაზების შენახვის ვადებსა და პროცედურებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6192001-soplis-meurneobisa-da-soplis-ganvitarebis-shesakheb/14.md
